ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 11%-ზე დატოვა
- ეკონომიკა
- ოქტომბერი 26, 2022
- 178
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს გამართულ მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 11%-ზე დატოვა. ეროვნული ბანკი საკუთარ გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ სექტემბერში 11.5%-მდე გაზრდილი ინფლაციის ფონზე, გამკაცრებული რეფინანსირების განაკვეთის შენარჩუნებაა მიზანშეწონილი. ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 11%-მდე 30 მარტს გაზარდა.
“მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობაში ინფლაციური წნეხი კვლავ მაღალია, რასაც წამყვანი ცენტრალური ბანკები გამკაცრებული ფინანსური პირობებით პასუხობენ. აღნიშნული მსოფლიო ეკონომიკური ზრდის მოლოდინებს აუარესებს და სტაგფლაციის რისკებს წარმოქმნის. საქართველოში ინფლაციამ პიკური პერიოდი გაიარა, თუმცა ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა და სექტემბერში წლიური 11.5 პროცენტი შეადგინა. ბოლო დროს საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე პოზიტიური ტენდენცია შეინიშნება – პროდუქტების ფასები და საერთაშორისო ტრანსპორტირების ღირებულება მცირდება. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ მაღალ დონეზეა, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) სურსათის საერთაშორისო ფასების ინდექსი ზედიზედ 6 თვეა იკლებს. მოსალოდნელია, რომ გაცვლითი კურსის გამყარების ფონზე, აღნიშნული გლობალური ტენდენციები ეტაპობრივად ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცემა, რაც ინფლაციას შეამცირებს. თუმცა, მიმდინარე გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, გაურკვევლობა კვლავ მაღალია. ამავე დროს, ინფლაციის შემცირების რისკებს მისი მიზნობრივი მაჩვენებლიდან ხანგრძლივი პერიოდით გადახრაც აძლიერებს.
ეკონომიკური აქტივობა კვლავაც ძლიერია. რუსეთ-უკრაინის ომისა და თანმდევი სანქციების შედეგად, საქართველოში მიგრაციული ნაკადები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც ერთობლივი მოთხოვნა დაასტიმულირა. მიმდინარე წლის პირველი რვა თვის საშუალო წლიურმა ეკონომიკურმა ზრდამ 10.3 პროცენტი შეადგინა. შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2022 წელს 10 პროცენტამდე გაიზარდა და, საშუალო წლიური ეკონომიკური აქტივობის დონე, სავარაუდოდ, მის პოტენციურ დონეს აღემატება. შედეგად, მოთხოვნიდან მომავალი ინფლაციური რისკები გამწვავდა, მიუხედავად იმისა, რომ ამას საგარეო შემოდინებების შედეგად გამყარებული ლარის გაცვლითი კურსი ნაწილობრივ აბალანსებს.
აღნიშნული რისკის საპასუხოდ მკაცრი მონეტარული პოლიტიკისა და ბოლო პერიოდში ამოქმედებული მაკროპრუდენციული ინსტრუმენტების ზემოქმედების შედეგად, საკრედიტო აქტივობის ზრდამ შენელება დაიწყო. მოსალოდნელია, რომ ეს ეფექტი მომავალში გაძლიერდება. ამასთან, ევროპის ცენტრალური ბანკისა და ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარულ პოლიტიკის გამკაცრებას საქართველოში, აშშ დოლარსა და ევროში მოზიდული სახსრების სარეზერვო მოთხოვნებზე ფიქსირებული ნულოვანი პროცენტის დარიცხვის პირობებში, უცხოური ვალუტის დაკრედიტებაზე პოლიტიკის დამატებით გამკაცრების ეფექტი აქვს. მცირდება ფისკალური დეფიციტიც. ამ ფაქტორების ერთობლიობა მოთხოვნიდან მომავალ ინფლაციურ წნეხს გაანეიტრალებს, რაც ინფლაციის შემცირებას შეუწყობს ხელს.
სხვა თანაბარ პირობებში, წლის ბოლომდე ინფლაცია კვლავ მაღალი იქნება, თუმცა ეტაპობრივ შემცირებას გააგრძელებს და 2023 წლის მეორე ნახევარში მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება. არსებული ინფლაციური რისკების გათვალისწინებით, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა შენარჩუნდება და, სამომავლოდ, მისი ნორმალიზაცია ეტაპობრივად და მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ინფლაციის შემცირებას გამოკვეთილი ტრენდი ექნება. მეორე მხრივ, ინფლაციური მოლოდინების გაზრდის ან/და მოთხოვნის მხრიდან ფასებზე დამატებითი ზეწოლის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაძლოა, პოლიტიკის უფრო მეტად გამკაცრება ან არსებულ დონეზე უფრო ხანგრძლივად შენარჩუნება გახდეს აუცილებელი. მოთხოვნიდან მომდინარე ინფლაციური წნეხის ასარიდებლად, საჭიროების მიხედვით, ეროვნული ბანკი დამატებით ინსტრუმენტებსაც გამოიყენებს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.”- წერს სები.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2022 წლის 21 დეკემბერს ჩატარდება.